ჩინეთში მოდაში ახალი გართობა შემოდის – სახის შეცვლა. ესაა ძალზე რეალისტურად შესრულებული ნიღაბი, რომელიც უთხელესი სამედიცინო სილიკონისგანაა დამზადებული. იყიდება, აგრეთვე, განსაკუთრებული გელი, რომელიც ისე მჭიდროდ აწებებს ნიღაბს სახეზე, რომ ადამიანს მიმიკის გადმოცემაც თავისუფლად შეუძლია.
"ხელოვნური კანის" სისქე – 0,1-დან 1 მილიმეტრამდეა და ზუსტად იმეორებს ნამდვილი ეპითელიუმის სტრუქტურას. მის მფლობელს შეუძლია, შეცდომაში შეიყვანოს სხვა ადამიანი დაახლოებით 1 მეტრის მანძილზე. „ახალი სახის“ ღირებულება 500-დან 2 ათას იუანამდეა (დაახლოებით, 75-დან 300 ამერიკული დოლარი). 50 იუანად კი სახე შეგიძლიათ ულვაშებით და წვერითაც დაიმშვენოთ. ფირმა, გარდა ნიღბებისა, ხელოვნურ თითებს და ყურებსაც ამზადებს.
ნიღბების დამამზადებელი ფირმის მფლობელმა სიუიმ განაცხადა, რომ "ახალ სახეს" ძირითადად გასართობად იძენენ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მას გარეგნული დეფექტის დასაფარად იყენებენ. შეკვეთების რაოდენობა თანდათან იზრდება. სიუი აცნობიერებს, რომ მისი ნიღბები შეიძლება, დამნაშავეებმაც გამოიყენონ. თუმცა, დასძენს რომ ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ იკისრებს, ხომ არ არის დამნაშავე დანების გამყიდველი, რომლის დანითაც მოხდა მკვლელობა.