სოკრატესი – ბრაზილია
ბერძენი ფილოსოფოსის "სეხნია" სოკრატესი საფეხბურთო მოედანზე დიდი სიბრძნით გამოირჩეოდა, ხოლო რეალურ ცხოვრებაში დოქტორის ხარისხით იწონებდა თავს. ის 1980-იანი წლების ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრება მეცნიერებას დაუთმო. სოკრატესის საფირმო წვერ-ულვაში იმ დროის ბრაზილიის ნაკრების სიმბოლოა. სამწუხაროდ 2011 წლის 4 დეკემბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ალექსი ლალასი – ამერიკის შეერთებული შტატები
ექსტრავაგანტური ალექსი ლალასი ამერიკის ნაკრებში სტაბილური თამაშითა და კოლორიტული გარეგნობით გამოირჩეოდა. ლალასმა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და თავი ჟღალი ფერის წვერ-ულვაშით დაგვამახსოვრა.
ოლოფ მელბერგი – შვედეთი
შვედეთის ნაკრების მცველმა, ოლოფ მელბერგმა, სანაკრებო დონეზე ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და თავისი ბრუტალური იმიჯით საიმედო დამცველის სახელი დაიმკვიდრა.
ჯიბრილ სისე – საფრანგეთი
ჯიბრილ სისემ 2002 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ითამაშა, თუმცა თავი მხოლოდ ექსტრავაგანტური გარეგნობით დაამახსოვრა მსოფლიოს. შეღებული წვერ-ულვაში, გადახოტრილი თავი და უამრავი ტატუ – ეს არის ის, რაც მუნდიალებს დაუტოვა „სამახსოვროდ” ჯიბრილ სისემ.