ჯონი ჯანჯალაშვილი მომღერალი გახლავთ და კალათბურთელებთან ძმაკაცობით თავის მოწონება ნამდვილად შეუძლია. ბატონი ჯონი ერთ სახალისო ამბავს არაერთხელ იხსენებს.
"გახსოვთ, ალბათ, როგორი ამბები ტრიალებდა ერთ დროს ნუგზარ ჯუღელის ანეკდოტურ გამოთქმებზე: „დერიუგინი ახტა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა, დამხტარიყო“, იმ კალათბურთელ დერიუგინზე მოგახსენებთ, მართლაც ძალიან ტანმაღალი გახლდათ, განსაკუთრებით – ჩემთან შედარებით.
ვდგავართ ერთ დღეს ბიჭები ფილარმონიის წინ, იქვე შევამჩნიეთ დერიუგინი. აფიშას ათვალიერებს, ეტყობა ვიღაცას ელოდებოდა.
ამიტყდნენ ბიჭები, – მიდი, დერიუგინს წინ დაუდექიო.
– მომეშვით, რა, – ვიგერიებ, მაგრამ მოგეშვებიან.
– ჯონი, შენ თუ ახლა დერიუგინს ფეხებშუა გაუძვრები, რომელ რესტორანზეც თითს დაგვიდებ, იქ გაქეიფებთო.
– ჩათრევას ჩაყოლა სჯობია, ჯანდაბას თქვენი თავი-მეთქი, – ოღონდ, როგორც კი მივუახლოვდები, „ბალკონიდან“ დაუძახეთ, რომ ამოიხედოს. გავარდნენ „ბალკონზე“.
– დერიუგინ! – დაუძახეს ზევიდან. ამან აიხედა. ვიხელთე დრო და გავუძვერი და გამოვუძვერი გაჩაჩხულ ფეხებში. ორმაგი ნაძლევი მოვიგე და ორი დღე მაქეიფეს".