ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა დღეს ახალი ვიდეო მიმართვა, ამჯერად ქართულ ენაზე გაავრცელეს.
ახალგაზრდა, რომელიც მუსლიმებს მიმართვიდან ეუბნება, რომ "ქართველების გვერდით ცხოვრება აკრძალულია" აჭარაში მცხოვრები ხვიჩა გობაძეა.
ხვიჩა 27 წლისაა. დაამთავრა სოფელ დიდი აჭარის საჯარო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ბათუმში, მედრესეში. გობაძე ბათუმიდან ეგვიპტეში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც მისი ახლობლების თქმით არაბულს დაეუფლა.
დიდ აჭარაში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ ხვიჩა და მამამისი ე.წ. ვაჰაბისტები არიან და ამის გამო ხშირად უწევდათ პოლიციაში დაკითხვაზე მისვლა.
ხვიჩა გობაძემ საქართველო 2 თვის წინ დატოვა. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მამამისი, ილია გობაძე ამბობს, რომ შვილის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია, თუმცა, ადასტურებს რომ საქართველოში არ იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ გაბოძის მხრიდან ეს პირველი მიმართვა არ არის. ხალიფატის ქართულენოვან ვებგვერდზე, რომელზეც პირველად გურია ნიუსმა დაწერა, გაბოძის საკმაოდ ვრცელი ტექსტური მიმართვა დევს.
9 ნოემბერს გამოქვეყნებულ მიმართვაში გაბოძე, აბუ მარიამ ალ-ჯურჯის სახელით, ქართველ ახალგაზრდა მუსლიმებს მოუწოდებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდნენ:
"გამოფხიზლდით და ჭეშმარიტება დაინახეთ სანამ ჯერ კიდე გვიანი არ არის, სანამ ცოცხლები ხართ და შეგიძლიათ გააკეთოთ (ბაიათი) მორჩილება გამოუცხადეთ ხალიფს და არ მოკვდეთ, როგორც ჯაჰილები, ალლაჰის წინაშე როცა წარსდგებით თავის გასამამართლებელი საბუთი აღარ გექნებათ, ალლაჰი ხომ გასმენთ და განახებთ, რომ დღეს არსებობს ისლამური სახელმწიფო და შარიათი.

































































