საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიის" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა განცხადება კლუბის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ბოლო დროს სოციალურ ქსელსა თუ მედიასაშუალებებში ვრცელდება მცდარი ინფორმაციები საფეხბურთო კლუბ "გურიასთან" დაკავშირებით. ვწუხვართ, რომ ასეთ პოზიციას აფიქსირებენ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელი პირები.
ჩვენ კვლავინდებურად არ შევდივართ პოლემიკაში ასეთი განცხადებების ავტორებთან, მხოლოდ გულშემატკივრისთვის გავაკეთებთ მცირეოდენ განმარტებას შემდეგ ბრალდებაზე:
"საფეხბურთო კლუბმა "გურიამ" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელობას ბანდა უწოდა და სინამდვილეში კლუბშია შეკრებილი ბანდა, რომელმაც "გურია" 200 ათასით აზარალა".
დიახ, საფეხბურთო კლუბი "გურია" სფფ-ის ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან ხედავდა სუბიექტურ ქმედებებს და ღიად ვუჭერდით მხარს ფედერაციაში ახალი გუნდის მისვლას. ჩვენი შეფასებები დადასტურდა იმითაც, რომ ძველმა ფედერაციამ დატოვა რამდენიმემილიონიანი დავალიანება; ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერაციაში მაღალხელფასიანი ანაზღაურებით იყო ათეულობით ადამიანი, რომლებიც სფფ-ის ოფისში თვალითაც არავის უნახავს, არჩევნების წინა დღეებში კი გააფორმეს კონტრაქტი, რომლის დარღვევის შემთხვევაში ფედერაცია ვალდებულია საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს.
რაც შეეხება "გურიის" 200 ათასამდე "ზარალს", განვმარტავთ, რომ ამ თანხაში ყოფილი მწვრთნელებისთვის გადასახდელი თანხა, 40 ათასი ლარი იგულისხმება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ დაგვაკისრა გადასახდელად. ამ საკითხზე კლუბს თავისი მოსაზრება აქვს, თუმც ეს თანხაც არ იქნება ზედმეტად გადახდილი. კლუბს ახალი მწვრთნელი არ მიუღია (კახა გოგიჩაიშვილის ორთვიან პერიოდს თუ არ ჩავთვლით) და არ გაზრდილა მწვრთნელთა სახელფასო ფონდი, ანუ გუნდში ყოფილი მწვრთნელებიც რომ დარჩენილიყვნენ, სამწვრთნელო ანაზღაურება იგივე იქნებოდა.
რაც შეეხება ლიცენზირების 50 ათას ლარს, ეს არის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან არსებობდა ფინანსური ვალდებულებები და შესაბამისად, ლიცენზიას ვერ მივიღებდით. ამასთან, "გურიას" ლიცენზია არასდროს აუღია, არც მაშინ, როცა გუნდს ის ადამიანები მართავდნენ, დღეს რომ ამ თემით აპელირებენ.
ამას გარდა, საფეხბურთო კლუბმა "გურიამ" ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელა 30 ადამიანს, რამაც მნიშვნელოვანი ეკონომია მოიტანა. ისევე, როგორც გუნდის გრიგოლეთში გადმოყვანამ. საერთო ჯამში, ეკონომია 200 ათას ლარს აღემატება. შესაბამისად, ბოლო წლის მანძილზე გუნდმა კი არ იზარალა, პირიქით, გაკეთდა მნიშვნელოვანი ეკონომია.
ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მუშაობის მთავარი შემფასებელი მაინც გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგია, რაც ამ დროისთვის არადამაკმაყოფილებელია. სწორედ ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობა გეგმავს რადიკალურ ცვლილებებს ვითარების გამოსასწორებლად და ქომაგებს ვპირდებით, რომ "გურია" ისევ გაგვახარებს კარგი თამაშით".