ამერიკელი მილიარდერის, უორენ ბაფეტის მიერ დაარსებული საინვესტიციო ფონდის, "ბერკშირ ჰეთევეის" წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიას ახალი მმართველი ეყოლება.
საინვესტიციო ფონდის რჩეული ტოდ კომბსია, რომელიც ჰეჯ ფონდის – „ქესთლ პოინტ ქეპითალის“ მმართველი იყო.
ლეგენდარულმა ამერიკელმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ სწორედ კომბსი არის ის ადამიანი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ეძებდა.
ამერიკაში ამ გადაწყვეტილების გამოცხადება არავის გაჰკვირვებია, რადგან ბაფეტი უკვე 85 წლისაა და ის აქტიურად ეძებდა შემცვლელს.
არც ისე დიდი ხნის წინ გაცხადდა, რომ ლეგენდარული მილიარდერის შვილები და შვილიშვილები საინვესტიციო ფონდს სათავეში არ ჩაუდგებოდნენ: ბაფეტის ვაჟი, ჰოვარდი, კომპანია „ბერკშირ ჰეთევეის“ აღმასრულებელი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდება მას შემდეგ, რაც მამამისი საქმიანობას ჩამოშორდება.
ბაფეტის მიერ დაარსებული „ბერკშირ ჰეთევეი“ უკვე მრავალი წელია, საინვესტიციო და ქონების დაზღვევის სფეროში საქმიანობს და მისი კაპიტალი 200 მილიარდამდე დოლარია.