ამერიკული თეთრი პეპელა დასავლეთ საქართველოში 1976 წლიდანაა შემჩნეული. მას შემდეგ ის განსაკუთრებული აქტივობით უკანასკნელ წლებში გამოირჩეოდა. ბოლო ორი წლის მანძილზე, აქტიური საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შედეგად, ამერიკული თეთრი პეპელა თითქოს გაქრა, თუმცა, ამ ზაფხულს მან განსაკუთრებით შემოუტია ჩოხატაურს. რაიონის ცენტრში ყველა ხედავს, თუ როგორ ცვივა პეპელას ახალგამოჩეკილი მატლები ჭადრებიდან და ხალხს პირდაპირ თავზე და ტანსაცმელზე ეყრება. აქ სათანადო ყურადღება არ ექცევა საკარანტინო მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას და ფაქტიც სახეზეა. მეტი ყურადღებაა საჭირო მოსახლეობის მხრიდანაც. მავნებლის გასანადგურებლად პირველ რიგში მექანიკური ღონისძიებების გატარებაა საჭირო: ხეებზე დამჭერი სარტყელის გამოყენებით უნდა მოხდეს მავნებლის მატლებისგან გაკეთებული ბუდეების ჩამოჭრა, დაწვა, ფოთლებზე ცეცხლის ალის გადატარება, ტოტებზე ბუდეების დაწვა კი გრძელ ჯოხებზე დამაგრებული ჩირაღდნით უნდა მოხდეს. ასევე უნდა მოხდეს ხის ქერქის ჩამოფხეკვა და დაწვა, რითაც შევამცირებთ მავნებლის გამრავლების კერებს. აგროტექნიკური ღონისძიებები გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება. საჭიროა ქმედითი ღონისძიების გატარება.
ლია სიხარულიძე, ჩოხატაური
რედაქციისგან: რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მაშინ, როცა ამერიკული თეთრი პეპელა ჩვენს ირგვლივ მეორე წელია, აღარც ჩანს, მკითხველი გვწერს, რომ მავნებელი ჩოხატაურში მომძლავრდა. ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის სპეციალისტს ჩოხატაურში მარინა კუტუბიძეს და, აგრეთვე, ვესაუბრეთ აგრონომს აკაკი ღლონტს.
_ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. წელს ამერიკული პეპელა არ იყო იმ რაოდენობით, რომ ხელისუფლებას ღონისძიება გაეტარებინა. ჩოხატაურში, მით უფრო ცენტრში, ჭადრებზე არანაირი პეპლები არ არის. მე ვნახავ ქალბატონ ლია სიხარულიძეს და გავესაუბრები, _ გვითხრა მარინა კუტუბიძემ.
_ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი და ქმედითი ღონისძიებები გაატარა ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ და ის თითქმის განადგურებულია. მე ასევე დავძენ, რომ ამ მავნებლის მოსპობაში უკვე აქტიურად ჩაებნენ ისეთი ფრინველები, როგორიცაა: კვირკვილი, ღაჟო, მოლაღური, თავშავა, ე.წ. მემატლია, რომელიც მიმინოს წააგავს. აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, აქამდე რატომ არ ნადირობდნენ ეს ფრინველები ამერიკული პეპელას მატლზე? საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ მატლს აქვს ბუსუსი, ბუსუსებიანი მატლები კი უმეტესად შხამიანია. ამერიკული პეპელას მატლი არაა შხამიანი, თუმცა ფრინველები თავიდან ფრთხილობდნენ და ერიდებოდნენ სწორედ ბუსუსის გამო. მერე კი, როცა მოსინჯეს, თანდათან დაიწყეს ამ მატლის ჭამა, ადრეულ წლებში კი ახლოს არ ეკარებოდნენ. ასეთია ბუნების წესი _ გამოსავალს ის საკუთარ თავში პოულობს. ეს ჩემი დაკვირვებაა და ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ამ მავნებლის წინააღმდეგ სახელისუფლებო ღონისძიება არ გატარებულა. პირიქით, ბოლო წლებში ამ საკარანტინო მავნებლის წინააღმდეგ მასშტაბური ღონისძიებები გატარდა და არ მგონია, ჩოხატაურში საგანგაშო მდგომარეობა იყოს. და თუ მაინც საყურადღებო ვითარებაა, მოსახლეობამ პირველ რიგში შესაბამის სამსახურს უნდა მიმართოს, _ ამბობს აკაკი ღლონტი.