შემოდგომის მიწურულს კარგად უნდა დავათვალიეროთ უკვე ფოთოლგაცვენილი ნაყოფიერი მცენარეები, განსაკუთრებით ისინი, რომელიც ასაკოვანია. გარდა ხავს-მღიერების შემოცლისა, მცენარეზე სხვა მოსაშორებელ დეფექტურ ადგილებსაც აღმოვაჩენთ _ ესაა ფუღუროები, მწერების ბუდეები, სხვადასხვა მღრღნელებისგან დაზიანებული მერქანი თუ მსხვილი ტოტების შემოგარენი. ხეებზე საკმაოდ ვნახავთ ჩიტების ბუდეებსაც. ყოველივე ეს ფრთხილად უნდა მოვაშოროთ და მშრალ, უქარო ამინდში ჩვეულებრივი ბორდოს ხსნარით დავამუშავოთ.
ყველაზე მთავარი _ მღრღნელები რომ დავაფრთხოთ და მოვიგერიოთ, ხეხილოვნებს შემოვუბაროთ ძირები 10-15 სმ სიღრმეზე. ასე ამოცვივდება მღრღნელები თუ მატლები და უფრო ადვილად მოისპობა. შემობარვა ყინვის დადგომამდე უნდა მოხდეს. შემობარვის შემდეგ მოვაყაროთ ნაკელი, თუ მინერალური სასუქი გვექნება, ისიც დავამატოთ და კვლავ ჩავთოხნოთ. გვახსოვდეს, რომ ასე გაფხვიერებული ნიადაგი, გარდა იმისა, რომ მცენარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ხდება ტენის ზომიერი გაუმჯობესება, ადვილად ისპობა მავნებლები, განსაკუთრებით მღრღნელები.
ზამთრის დასაწყისიდანვე მღრღნელები სახლებსა თუ სხვა სათავსო ნაგებობებში შედიან. ასეთ დროს გამოიყენეთ ადამიანისთვის ნაკლებად საშიში პრეპარატები, რომელთა ნაირსახეობა ბლომადაა ვეტაფთიაქებში. სოფელში ნუ დაგეზარებათ, შინ კატაც იყოლიოთ. ზოგი ამრეზით უყურებს კატას ან სულაც უფრთხის მას, თუმც, ეს არასწორი მიდგომაა, კატას ძალზე სასარგებლო ბიოენერგეტიკა გააჩნია, მისი შინ ყოფნა ადამიანზე მხოლოდ დადებითად მოქმედებს და რაც მთავარია, მღრღნელებს, განსაკუთრებით თაგვებს არც სახლში და არც ახლო-მახლო სადგომებში არ გააჭაჭანებს.