"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის თქმით, გუშინ ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობა არის იმ გაუაზრებელი და მავნებლური პოლიტიკის შედეგი, რაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაატარა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე.
" ვითომ სამართლიანობის აღდგენის მიზნით ასობით კრიმინალი გამოუშვეს ციხიდან, რასაც ბუნებრივია, მოჰყვა კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება. ესეც არ იკმარეს და დამნაშავეებთან მებრძოლი სამართალდამცავები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, ციხეში გამოკეტეს.
თუ ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების ლიდერების დევნის ნაცვლად კრიმინალებთან ბრძოლით დაკავდება, საპატრულო პოლიციის შენობიდან 200 მეტრში მოახერხებს დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთას."– განაცხადა მჟავანაძემ სატელეფონო საუბრისას.
ინფორმაციისთვის გაცნობებთ რომ , ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ოჯახი წუხელ დააყაჩაღეს. როგორც გვითხრეს, ორი შეიარაღებული პირი მამალაძეების სახლში დაახლოებით 10 საათისთვის შეიჭრა. ოჯახის უფროსმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.