საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებს ეწვია და "ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია _ დავით სიხარულიძე" დაათვალიერა, დაესწრო მანდარინის ზომების მიხედვით დახარისხების პროცესს, რომელიც ციტრუსის დამხარისხებელი ესპანური წარმოების ხაზის მეშვეობით ხდება. მინისტრმა ასევე დაათვალიერა შპს "კიდობანი", სადაც, ჩინური დანადგარის მეშვეობით, წელს პირველად დაამზადეს მანდარინის ჩასაწყობი სპეციალური პლასტმასის ყუთები. წარმატებულმა მეწარმემ, ბიზნესმენმა დავით სიხარულიძეm ისაუბრა საწარმოს შესახებ, მან აღნიშნა ისიც, რომ წელს მანდარინის ჩაბარების და გასაღების პრობლემა მეციტრუსეებს არ ექნებათ.
ოთარ დანელიას ადგილზე დახვდნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე. მათ ასევე ერთად მოინახულეს ნატანებში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები, სადაც დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია ხდება.
"რომ არა ჩინეთის მხარის მიერ გადმოცემული 40 ერთეული ტექნიკა, ეს უდიდესი საქმე ვერ გაკეთდებოდა. აქ ერთდროულად ორი საშვილიშვილო საქმე კეთდება, ხდება 11 კმ სიგრძის არხის რეაბილიტაცია და 200 ჰა მიწის ფართობი კვლავ ვარგისი გახდება," – თქვა ოთარ დანელიამ.