თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. "ქალთახედვა" სექციის ფარგლებში ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყობა. ფესტივალის წლევანდელი ფერიც იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა.
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის "მოირას" პრემიერით გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კინოფესტივალზე მოწვეული უცხოელი კინემატოგრაფისტები დაესწრნენ.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო კონკურსში ევროპელი რეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორეხარისხოვანი მხატვრული ფილმი მონაწილეობს.
ტრადიციულად, საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეთი დაჯილდოვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმით, "ბედნიერების ღამე" დაიხურება.