ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის შიდა გზა, განსაკუთრებით კილომეტრიანი მონაკვეთი, იმდენად დაზიანებულია, რომ მანქანით მოსიარულეები მუდამ შემოვლით გზით სიარულს ამჯობინებენ. ჭანიეთის თემში შემავალი სოფელ ქაქუთის და ნაწილობრივ ჭანიეთის მოსახლეობის ნაწილი ძირითადად ამ შემოვლითი გზით სარგებლობს.
გზა ორიოდე თვის წინ მოიხრეშა და მარჯვენა მხარეს გვერდითი არხიც გაიჭრა, თუმცა არხი ისეა გაჭრილი, თავი და ბოლო გახსნილი არ არის და წყალი კი არ გაედინება, შიგ გროვდება. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ახალმოხრეშილი გზა უკვე გაფუჭებულია. სოფლის მცხოვრებლები ძალიან არიან ჩეწუხებულები – ბოლოს და ბოლოს როდის გაკეთდება სოფლის შიდა გზა და რაც გაკეთდა, ვინაა ამ ცუდად შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებელი.
ჭანიეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის მერაბ ბერაძის განაცხადებით , ნოემბრის ხანგრძლივი წვიმების დროს, სოფლის შიდა გზების არაერთი მონაკვეთი დაზიანდა.
"აღვრიცხეთ ყველაფერი და მოვიყვანეთ ტექნიკა. ქაქუთის ნაწილში ეს კარგად გაკეთდა. სამწუხაროდ, შემოვლითი გზის ეს ნაწილი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არ მინახავს გაკეთების შემდეგ, რადგან ვენდე გრეიდერის მძღოლს. ახლა ვნახავ გზის აღნიშნულ მონაკვეთს და ხვალვე ვეცდები, რომ კვლავ მივიდეს იქ ტექნიკა და სამუშაო სრულყოფილად შესრულდეს," – გვითხრა ბერაძემ.