ყოველი წლის ოთხ დეკემბერს ლანჩხუთის მრევლი "ჯიხეთობას" ზეიმობს.
ამ დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. სწორედ ამ დღესასწაულის სახელობისაა ჯიხეთის დედათა მონასტერიც, სადაც ყოველწლიურად განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნება ეს ქრისტიანული დღესასწაული. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო და ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მეუფე იოსებმა აღავლინა.
ჯიხეთის მონასტერი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს დაარსდა. ისტორიული ცნობებით, იგი 1896 წელს ოზურგეთელმა ილარიონ მენაბდემ ააგო. პირველი საზეიმო წირვა კი ახალგაზრდა დეკანოზმა ეპიფანე ხონელიამ აღავლინა.
გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მონასტერში 113 ქალი მოღვაწეობდა. პირველი წინამძღვარი და დედათა მონასტრის დამფუძნებელია დედე ელენე (მგალობლიშვილი).
მონასტერში სკოლაც იყო გახსნილი, აქ წერა-კითხვასთან ერთად საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობასაც ეუფლებოდნენ.
1984 წლიდან მონასტერს წინამძღოლობს არქიმანდიტრი ანდრია (კბილაშვილი), რომლის თაოსნობითაც ტაძარში მრავალი აღმშენებლობითი სამუშაო ჩატარდა.