"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნონა მურვანიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ვეტერანთა დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას ეხმიანება.
"ვეტერანთა დღის აღსანიშნავად გურიის რეგიონალური სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას , ბატონი შოთა ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით ლანჩხუთელი ვეტერანებიც შეუერთდნენ.ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის სამაგალითო ადამიანები არიან. ღირსეულ პატივისცემას და დაფასებას იმსახურებენ. ჩვენი ხელისუფლება ხშირად ახსენებს მათ რომ შეუძლიათ საყოველთაო დაზღვევის პაკეტით სარგებლობა, რომ ისინი სარგებლობენ 22ლარიანი დახმარებითაც. იმ დღეს მათ ფასიანი საჩუქრებიც ჩამოურიგეს. იქ მყოფ ვეტერანებს რომ არ ეთქვათ არ დავიჯერებდი.
"რიგში ჩაგვაყენეს მეორადი უხარისხო ტანსაცმლიანი პარკების მისაღებად…..მოკლედ დაგვცინესო." დიახ, ეს მართლა დაცინვაა, ღირსების შელახვაა. ვეტერანებო, მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამისთვის,. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ღირსეულ დაფასებას ღირსეულ პენსიას. ჩვენი ქვეყნის მთავრობისთვის ეს პრიორიტეტი რომ არ არის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა."– ნათქვამია საკრებულოს დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით ლანჩხუთის ვეტერანთა სამსახურის უფროსს შოთა ფირცხალაიშვილს, რომელმაც კატეგორიულად უარყო ზემოთნახსენები ბრალდება.
"ვეტერანებს საჩუქრად ტანსაცმელი ნამდვილად დაურიგდათ, მაგრამ არა მეორადი. სულ 100 ცალი ფუთა იყო, აქედან 40-40 ოზურგეთელ და ლანჩხუთელ ვეტერანებს გადაეცათ, 20 კი – ჩოხატაურელ ვეტერანებს. შეფუთვაში ძირითადად ბავშვისა და ქალის ტანსაცმელი იყო. ერთ-ერთმა ვეტერანმა, რომელიც წყალწმინდიდანაა, ნამდვილად გამოთქვა უკმაყოფილება, – რად მინდოდა ქალის ჩასაცმელიო. ეს იყო და ეს", – განაცხადა ფირცხალაიშვილმა.