გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში გიორგი გაბლიშვილი თავის მეუღლესთან ერთად გადამწვარ სახლში ცხოვრობს. ვიდრე თავისი პრობლემების შესახებ მედიის წარმომადგენლებს მოგვიყვებოდა, გვითხრა, რომ სოფელში 30 ოჯახიდან ახლა თოთხმეტია დარჩენილი.
"ვიცი, რომ უჭირს ქვეყანას, მაგრამ ელემენტარულ ყურადღებას ვითხოვთ, რომ საერთოდ არ წავიდეთ სოფლიდან ჩვენი მეზობლებივით. სოფელში ბევრი პრობლემა, მაგრამ ყველაზე მეტად უწყლობა გვაწუხებს," – გვითხრა გიორგი გაბლიშვილმა.
გიორგი გაბლიშვილის სახლში მისულებს მძიმე მდგომარეობა დაგვხდა. ოჯახის დიასახლისი კარტოფილის ღვეზელებს აკეთებდა. სამზარეულო, მისაღები და საძინებელი ერთ ოთახშია განთავსებული.
" ჩემი შვილის ომში დამწვარი სახლი დღემდე გადაუხურავია. მთავრობა კი შემპირდა კომპენსაციას, მაგრამ, კარგად ხედავ, რა მდგომარეობაშიც ვარ. სოფელში სახლები დაცლილია, რადგან მოსახლეობას სარწყავი წყალიც კი არ აქვს. თუ არ მორწყე, მოსავალი როგორ მოვა. არც შემოსავალი გვაქვს, სოფელში მე მაქვს პენსია, დანარჩენებს სოციალური დახმარება, ამით როგორ უნდა ვიცხოვროთ?" – თქვა ჩვენთან საუბრის დროს გიორგი გაბლიშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში გიორგი გაბლიშვილთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ:
"გიორგი გაბლიშვილის ოჯახმა აიღო 2008 წლის შემდეგ გამოყოფილი კომპენსაცია, მაგრამ იმის გამო, რომ სოფელში 2012 წლამდე ვერ შევიდნენ, ეს თანხა ოჯახს დაეხარჯა. ადგილობრივ გამგეობას არ აქვს ამ მიმართულებით პროგრამები. ჩვენ რაც შევძელით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან გავუკეთეთ შუამდგომლობა, რომ გაეწიოთ დახმარება. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სახლის გადახურვა უნდათ."- გვითხრეს პრესსამსახურში.