ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტი ამ დრომდე გაუხსნელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს ეჭვმიტანილები.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები ღიად საუბრობენ, რომ დანაშაულის გახსნა დროულად უნდა მოხდეს და გაირკვეს, ვისი ბრძანებით და რა მიზნით დააყაჩაღეს საკრებულოს თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც ჩოხატაურში თავისი პატიოსნებით და საზოგადოების მხარდაჭერით გამორჩეულია.
მამალაძის დადებით პიროვნებაზე ისიც მეტყველებს, რომ მის სახლში 28 ნოემბრის მერე, ასეულობით ადამიანი მიდის _ მოქალაქეები, უბრალო ნაცნობები, ისინიც, ვისთანაც პირადი ნაცნობობა არ აქვს, კოლეგები, თანამშრომლები: _ ბატონო ზაალ, იცით როგორ გვიყვარხართ და ისიც, რომ თქვენ ჩვენ – ხალხს გვჭირდები! _ ამ სიტყვებს “გურია ნიუსის“ ფოსტაზე გამოგზავნილ უამრავ წერილში შეხვდებით.
წითელი ვარდებით და ამ სიტყვებით გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა, სიყვარული მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და ჩვენც ეს კადრები დავაფიქსირეთ.
_რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე უცნობია და მას ჩოხატაური, გურია, საქართველო ელოდება.