სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის თანამშრომლებმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. ქუთაისში, თვალჭრელიძის ქუჩა ნომერ 5-ში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა უსწრაფესად იმოქმედეს და უგონოდ მყოფი ორი მცირეწლოვანი და ორი ქალბატონი მახლობელ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილებით გადაიყვანეს.
დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ისინი მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებენ.
ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში სამხედრო პოლიციის 16 თანამშრომელი მონაწილეობდა. მომხდარის შესახებ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, საპატრულო პოლიციას და გაზმომარაგების კომპანიასაც მათვე აცნობეს.
ფაქტს ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-3 განყოფილება სწავლობს. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობამ 16-ივე თანამშრომელი წაახალისა და მადლობა გამოუცხადა.