კაცები ძალადობის წინააღმდეგ – ამ იდეის გარშემო ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ. მოძრაობას "ჩვენ" ჰქვია და მისი პრეზენტაცია 7 დეკემბერს სასტუმრო "Rooms თბილისში" გაიმართება.
ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და მეორე მხრივ გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში. მოძრაობა ქართველ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვანებს, ბიზნესმენებს და სხვა პროფესიის წარმომადგენელ კაცებს გააერთიანებს.
პრეზენტაციას მოძრაობის წევრები – ქართველი მორაგბეები, წყალბურთელები, ფეხბურთელები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და აქტიურად არიან ჩართულები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.
ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება.