ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მსოფლიოს გაოცება კიდევ ერთხელ შეძლო და კიბოს დამარცხება 91 წლის ასაკში მოახერხა. ამის შესახებ თავად კარტერმა ისაუბრა, რომელმაც ტელეკომპანია NBC-ის ეთერში განაცხადა, რომ კიბოსგან განკურნება შეძლო. კარტერი როგორც ტვინის ისე ღვიძლის სიმსივნის მავნე უჯრედებისგან განიკურნა. ჯიმი კარტერის კიბოთი დაავადების შესახებ ცნობილი აგვისტოში გახდა, ამ პერიოდიდან მან თერაპიის გავლაც დაიწყო.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჯიმი კარტერი 1977-1981 წლებში აშშ-ს 39-ე პრეზიდენტი გახლდათ. ამერიკელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილისგან გასხვავებით, 70-იან წლებში კარტერმა მეტ-ნაკლებად მოახერხა საბჭოთა კავშირის ლიდერებთან საერთო ენის გამონახვა და მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების შემცირებასაც მიაღწია. 1979 წელს, საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრის შემდეგ, კარტერსა და ბრეჟნევს შორის „შავმა კატამ გაირბინა“. კარტერმა მკაცრად დაგმო საბჭოთა კავშირის თავდასხმა ავღანეთზე და მისი ძალისხმევით, წამყვანი სპორტული ქვეყნების მხრიდან მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ბოიკოტიც განხორციელდა. ყველაფრის მიუხედავად კარტერმა ვეღარ მოახერხა ამერიკელთა შორის ნდობის მოპოვება და ის პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა კავშირისადმი უფრო რადიკალურად განწყობილმა რესპუბლიკელმა რეიგანმა შეცვალა. შემდგომ წლებში კარტერი მეტწილად მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისთვის ბრძოლით გახლავთ ცნობილი, რისთვისაც 2002 წელს ნობელის პრემიაც დაიმსახურა.
ამჟამად ჯიმი კარტერი ყოფილ მსოფლიო ლიდერების კლუბ „უხუცესებს“ ხელმძღვანელობს. კარტერმა რუსეთს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა და ოქტომბერში რუსულ მხარეს “ISIS”-ის პოზიციების რუკებიც გადასცა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved