ამ წუთებში ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში პრესკონფერენცია მიმდინარეობს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, ამ წლის ბოლოს იგეგმება გურამ დოჩანაშვილის წიგნის "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერა.
უკვე ცნობილია რომ პრემიერაზე ვასილ კეჟერაძეს ცნობილი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე განასახიერებს.
ზურაბ ცინცქილაძის თქმით, გურამ დოჩანაშვილთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს.
"სამსახიობო საქმიანობის დასაწყისში შევხვდი დოჩანაშვილს მეტეხის ახალგაზრდულ თეატრში. 23 წლის ასაკში ვითამაშე ვასილ კეჟერაძე. მეყო სითავხედე სწორედ იმ დროს მეთამაშა ვასილ კეჟერაძე, როდესაც მას ტელესპექტაკლში ეროსი მანჯგალაძე ასახიერებდა", _ განაცხადა ცინცქილაძემ.
პრესკონფერენციაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ ასევე აღნიშნა, რომ ვასილ კეჟერაძეს ასევე განასახიერებს ოზურგეთის თეატრის მსახიობი ზვიად ჯორბენაძე.
"ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა ორი ადამიანი როგორ განასახიერებს ერთ პერსონაჟს. როდესაც ზვიადი არ იქნება, ამ როლს ბატონი ზურაბი ითამაშებს. მსახიობები როლს შეთავსებით ითამაშებენ", _ აღნიშნა ჩიგოგიძემ.
ზურაბ ცინცქილაძემ ასევე, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სულ მალე გამოვა წიგნი გურამ დოჩანაშვილის ავტორობით, რომელსაც "ბრმათა ყოფილი" ჰქვია.
წიგნთან ერთად ასევე გამოვა ნაწარმოების ხმოვანი დისკი, რომელსაც ზურაბ ცინცქილაძე კითხულობს.
"პირველად ვამბობ, რომ ბატონი გურამისთვის საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს უთქვამს, რომ წიგნს ზურაბ ცინცქილაძეზე უკეთესად ვერავინ გაახმოვანებსო, რაც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე აღმოჩნდა", _ აღნიშნა ცინცქილაძემ.
სპექტაკლი, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ არის დაფინანსებული.