პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს რომ მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო უმრავლესობით დაუჭერს მხარს. მისი სიტყვებით, ეს კანონი კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ევროპასთან, რადგან ევროპის ბევრს ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი კანონები.
"ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ის ძალიან პოზიტიური იქნება საზოგადოებისთვის. რაც ენაზე მოგადგება, ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ადამიანი ამბობს, რომ თავისუფალია. თავისუფალი ჩემი აზრით მხოლოდ გიჟია. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვა. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგესურვება ის გააკეთო. როცა გინდა რაღაც გამოხატო თუ საზოგადოებისთვის მიუღებელია, უნდა მოერიდო. შესაძლებელია მე თქვენ გაკრიტიკოთ, მაგრამ გააჩნია როგორ გაგაკრიტიკებთ. კრიტიკა მისაღებია, თუმცა შეურაცხყოფა სხვა რამეა. ნებისმიერი რელიგიის მქონე ადამიანის – იუდეველი იქნება, კათოლიკე, მართლმადიდებელი თუ სხვა, გრძნობების შეურაცხყოფაზე გავრცელდება ეს კანონი", – განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლების გამო ყველაფრის თქმა არ შეიძლება.
"ადამიანის რელიგიური შეურაცხყოფა არ შეიძლება და თუ არ გწამს ღმერთის, მაშინ უნდა იწამო კანონის. როდესაც ადამიანი პირჯვარს იწერს, როდესაც ადამიანი მეჩეთში შედის და ლოცულობს, ეს მისი რწმენაა და არ უნდა შეურაცხყო. არ შეიძლება ღორის თავის მიჭედება მედრესეზე, არ შეიძლება ჯვარზე ღორის გაკვრა. ყველა რელიგიას აქვს თავის დოგმატიკა და აქედან გამომდინარე, ამის განსაზღვრა თუ არის შეურაცხყოფა, ძალიან ადვილია. შეურაცხყოფად განისაზღვრება, რომ ადამიანი როდესაც ლოცულობს არ უნდა დასცინო, როდესაც პირჯვარს იწერს, არ უნდა დასცინო. ადამიანი როდესაც რომელიმე წმინდანზე გამოხატავს თავის გრძონას, არ უნდა დასცინო", – განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მისივე თქმით, სახალხოდ ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დაუშვებელია.
"დედის გინება არ შეიძლება. დედას რომ გაგინებენ, ამაზე რეაქცია უნდა გქონდეს, თუმცა უბედურება რომ არ მოხდეს, კანონში უნდა ჩაიწეროს რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. წადი სახლში და რამდენიც გინდა "იღადავე" და საზოგადოებაში ნუ აკეთებ ამას. სახალხოდ ნუ შეურაცხყოფ ადამიანს და მის რელიგიურ გრძნობებს", – აღნიშნა ჯაჭვლიანმა.