20 მარტს, ოცწლიანი ლოდინის შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობას რემონტი სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრმა კი ბაღი ახალი ინვენტარით აღჭურვა. 25 აღსაზრდელისთვის ექვსი სხვადასხვა დანიშნულების ოთახი სრულ წესრიგშია, რისთვისაც განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვეს მშობლებმა. სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “კივიტას გეორგიკას” პროექტის ფარგლებში ალტერნატიული ჯგუფის არსებობამ, რომელიც ერთი წლის მანძილზე ფუნქციონირებდა, საფუძველი ჩაუყარა სოფელში მუნიციპალური ბაღის გახსნას. საბავშვო ბაღში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ აღსაზრდელებმა თავი სასურველ გარემოში იგრძნონ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ილია ვაშაყმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ბედნიერი, ჯანმრთელი და ხალისიანი მომავალი უსურვეს.