ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების ე.წ. "ლეკურას", "დონაურის", "ჯაფარაულის" მოსახლეობამ ზემო ნატანების ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას შიდა გზების მოწესრიგებასა და შეკეთებას თხოვს. სოფელში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, რომელსაც კომპანია "ესთეი" ჯგუფი ატარებს. აქ მცხოვრებლების თქმით, კომპანია აღნიშნულ სამუშაოებს არაკეთილსინდისიერად აწარმოებს. მოსახლეობა ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებს, აღარ არსებობს სამანქანო გზა, სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ ახერხებს ადგილზე მისვლას და რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივების განცხადებით, ამ ზამთარში ვერ მოხერხდება ციტრუსის რეალიზაცია უგზოობის გამო.
ნონა ღლონტი: "მე ჯაფარეულში ვცხოვრობ, სამი წლის წინ ხელისუფლებამ გზა დაგვიგო, საშინელი სიტუაცია იყო, ახლა გაზიფიცირების გამო, ისეა გადათხრილი, რომ მანქანა ვერ ახერეხებს შემოსვლას. გაუსაძლისი მდგომარეობაა ტალახის გამო, გაკეთებული გზა სულ გადათხრილია და ყურადღებას არავინ აქცევს, არავინ ამბის მკითხველი არაა."
კომპანია "ესთეის" ჯგუფის წარმოამდგენლის დავით სიდამონიძის თქმით, სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მალე დამთავრდება და წლის ბოლოს აღნიშნულ უბნებში გზა აღდგება.
საპროტესტო აქცია ადგილობრივი ხელისუფლების, გაზის კომპანიის წარმოამდგენლებსა და მოსახლეობას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დავით სიდამონიძე სცემეს. უფრო მეტიც, დაპირისპირებულ მხარეებს, გაშველების დროს გამგებლის წარმომადგენელი ილია თავაძეც „შემოელახათ“
ინციდენტის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხოფასაც აყენებდნენ.
აქცია ბოლოს იმ დაპირებით დაიშალა, რომ დეკემბრის ბოლოს ნატანების მოსახლეობას გზა სრულად აღუდგება.