კატო მიქელაძის პრემია მხატვარ ლია უკლებას გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ბათუმში დღეს გაიმართა.
პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.
ლია უკლებას ნამუშევარი "ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით" რომელიც ილიას უნივერსიტეტში იყო გამოფენილი, საზოგადოების განსჯის საგნად იქცა.
2014 წლის 28 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს "ფონდი ტასოს" გენერალურ დირექტორს, მარინა თაბუკაშვილს გადაეცა კატო მიქელაძის სახელობის პრემია, რომელიც 2013 წლიდან დააწესა ქალთა ფონდმა საქართველოში და ყოველი წლის 29 ნოემბერს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
კატო მიქელაძის პრემიაზე წელს წარდგენილი იყო – თამუნა ბაგრატია, მანანა მებუკე, ბაბუცა პატარაია, ლელა გაფრინდაშვილი, ელისო ამირეჯიბი, ანა არგანაშვილი, თამარ ბექაური, ხათუნა ბეჭვაია, მარინე ბჟალავა, ნათია გვიანიშვილი, ნინო ლეჟავა, თამარ მეარაყიშვილი, სედა მელკუმიანი, ქეთევანი მურუსიძე, ლია უკლება, რუსუდანი ფხაკაძე, ლია ჯაყელი.
კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.
კატო მიქელაძის სახელობის პრემია, პირველად, 2013 წელს გაიცა და მისი მფლობელი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე აღდგომელაშვილი გახდა.
კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ "ხმა ქართველი ქალისა".