დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა მოეწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წლის მთავარი დოკუმენტი ქალაქ ოზურგეთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, მარიკა ნაცვალაძემ წარადგინა.
პროექტის წარდგენის შემდეგ, დარბაზში "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ხინთიბიძემ, საკრებულოს, რამდენიმე კითხვით და შენიშვნით მიმართა .
ლევან ხინთიბიძის თქმით, კარგი იქნება, თუ ბიუჯეტის პროექტის განხილვას უფრო მეტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
"ვიცი, რომ ინფორმაცია გავრცელებული იყო და ჩვენ მივესალმებით, თუ მოქალაქეები აქტიურობას გამოიჩენენ", _ აღნიშნა ხინთიბიძემ და დასძინა, რომ სასურველია ბიუჯეტის პროექტი უფრო ჩაშლილი იყოს.
ამასთან დაკავშირებით, ნაცვალაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტი ნამდვილად ჩაშლილია და წერილობით მიმართვის შემთხვევაში მზადაა ბიუჯეტის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის პროგრამით, რომლისთვისაც 55 ათასი ლარია გათვალისწინებული.
მარიკა ნაცვალაძის თქმით, ეს თანხა გამოყოფილია ქალაქში არსებული ეკლესია-მონასტრების სარემონტო სამუშაოებისა და კომუნალური გადასახადებისთვის.
მისივე თქმით, თანხა სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული არ არის.
"გურია ნიუსი" ასევე დაინტერესდა ახალი პროექტის შესახებ, რომელსაც "კომიუნალური სუბსიდირება" ჰქვია. პროექტისთვის 15 ათასი ლარია გამოყოფილი.
ამ პროგრამის მეშვეობით სოციალურად დაუცველებს, რომელთა ქულა 30 ათასამდეა, კომუნალური გადასახადებისთვის კონკრეტული თანხა მიეცემა.
შეხვედრაზე ჩვენ ასევე დავინტერესდით სახელმწიფო ანსამბლ "გურიას" დაფინასებით, რომლიც 185 ათას ლარს შედაგენს და წინა წელთან შედარებით თანხა 55 ათასით არის გაზრდილი.
შეგახსნებთ, რომ ბიუროს სხდომაზე ეს საკითხი ერთ-ერთი დეპუტატის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაპირისპირების თემად იქცა.
დეპუტატი გოჩა მგელაძე თანხის შემცირებას ითხოვდა, მაგრამ დღევანდელ ბიუჯეტის განხილვაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტიო კომისიის თავმჯდომარემ, ლავრენტი ბიგვავამ დადებითად შეაფასა.
მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით ეს არის "ნამდვილად უკეთესი ბიუჯეტი".
2016 წლის მთავარი დოკუმენტის დამტკიცება 2015 წლის ბოლოს მოხდება.