პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, რომელშიც საარჩევნო ოლქები თავიდან გადაანაწილეს.
ცვლილებების მიხედვით, თბილისისა და გარდაბანი-მარტყოფის მაჟორიტარული ოლქები ერთიანდება და დედაქალაქს 18 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ექნება. ასევე 2 საარჩევნო ოლქით იქნება წარმოდგენილი რუსთავის მუნიციპალიტეტი, ხოლო ქუთაისისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გაერთიანებული რამდენიმე სოფელი 3 მაჟორიტარული ოლქით იქნება წარდგენილი.
წინა ვერსიისგან განსხვავებით, ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, ხოლო სამტრედიასა და წყალტუბოს ცალ-ცალკე თითო-თითო მაჟორიტარი დეპუტატი.
ცვლილებით მესტიას ცალკე მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება და გაერთიანებულ ფორმატში – ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიასა და ცაგერს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
პროექტის მიხედვით, დუშეთის-თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების გაერთიანება მოხდება და ეს საარჩევნო ოლქები ერთი მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს – ხალა, ჩაისუბანი, საჩივნო, ჩაქვი და ციხისძირს 3 საარჩევნო ოლქი ექნება, ხოლო აღნიშნული სოფლების გარდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტს კიდევ 1 მაჟორიტარული ოლქი ექნება