სინგაპურის სრუტეში ტანკერების შეჯახების შედეგად დაკარგულ ექვს ადამიანს ეძებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სინგაპურის სრუტეში ერთმანეთს სატვირთო და ნავთობმზიდი ტანკერები შეეჯახნენ, რის გამოც კუნძულ ბატამთან სატვირთო ტანკერი ჩაიძირა.
როგორც ცნობილია, შეჯახების დროს სატვირთო ტანკერზე 12 კაცი იმყოფებოდა, მათგან 6 დაკარგულად ითვლება, ხოლო დანარჩენების გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობმზიდ ტანკერს 560 ტონა ნავთობი გადაჰქონდა, თუმცა ნავთობის ჩაღვრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
სინგაპურის პორტის ინფორმაციით, ნავთობის ჩაღვრის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, სინგაპურის სრუტე მსოფლიოში გადაზიდვების მხრივ ყველაზე დატვირთულ ბილიკად ითვლება, თუმცა ავარიები იშვიათია.