საფრანგეთში დაკავებული „Carib Palm“-ის ინციდენტში პასუხისმგებლობა თურქულ კომპანიას ეკისრება, რომელმაც ქართველი კაპიტანი მოატყუა – აცხადებს გაზეთ „ВЗГЛЯД“-ის კორესპოდენტთან საუბარში კაპიტნის ვაჟი გიორგი ბერიძე.
საუბარია მოლდოვური დროშით მცურავ გემზე, რომელზეც 50 მილიონი ევროს ღირებულების 2,4 ტონა კოკაინი იყო მოთავსებული.
„მამაჩემმა, გემის კაპიტანმა ბადრი ბერიძემ არ იცოდა იმის შესახებ, რომ გემზე ნარკოტიკები არსებობდა. შემოდგომაზე, ხომალდის თურქი მეპატრონე, რომელსაც ამჟამად მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, შეუთანხმდა მამაჩემს, რომ მას თურქული კომპანიის მიერ დომინიკის რესპუბლიკაში შეძენილი ხომალდი თურქეთში ჩაეყვანა“ – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბერიძემ.
გიორგის თქმით, ადგილზე მამამისს დაზიანებული გემი და 12 კაციანი (ერთი თურქი და 11 უკრაინელი) ეკიპაჟი დახვდა. შეკეთების შემდეგ მარშრუტი შეიცვალა და გემი მოლდოვის დროშით, საფრანგეთის გავლით პოლონეთში გაემგზავრა, რა დროსაც მისი საფრანგეთში დაკავება მოხდა.
56 წლის კაპიტანი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაკავებულია – განაცხადა გიორგი ბერიძემ. მან არ იცის კონკრეტულად რომელ თურქულ კომპანიას ეკუთვნის კოკაინით დატვირთული გემი.
ბადრი ბერიძე 22 წლიანი სტაჟის მქონე ზღვაოსანია. ის ბათუმელი გახლავთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საფრანგეთში არსებული საქართველოს საელჩო ზემოთხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან „მუდმივ კონტაქტშია“
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა მიშელ საპენმა განაცხადა, რომ ეს საფრანგეთის პოლიციის მიერ დაკავებული ნარკოტიკის ყველაზე დიდი პარტიაა. ნარკოტიკები ხომალდ „Carib Palm“-ის კორპუსში იქნა აღმოჩენილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved