82 წლის ოლია მუხაშავრია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჩოხატაურის ქუჩაზე მარტო ცხოვრობს. პენსიის უმეტესი ნაწილი წამლებში ეხარჯება. სოციალური დახმარება კი არ აქვს.
"მარტოხელა ქალი ვარ, ორი შვილი მომიკვდა და დავრჩი უპატრონოდ. პენსია მაქვს, მაგრამ წამლებში მეხარჯება უმეტესწილად. ახლა ზამთარი მოდის და იმის საშუალება არ მაქვს, რომ შეშა ვიყიდო. დღეს გამოიდარა და გამოვედი ქუჩაში, დავდივარ ასე, კეთილი ადამიანების იმედზე," – გვითხრა ოლია მუხაშავრიამ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ოლია მუხაშავრიამ 2015 წელს ქალაქის მერიისგან ორჯერ მიიღო სოციალური დახმარება. ერთხელ მერის სარეზერვო ფონდიდან 150 ლარი და მეორედ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამიდან – ასევე 150 ლარი.
" რაც შეეხება შეშით უზრუნველყოფის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამით უშუალოდ გათვალისწინებული არ არის მოქალაქეთა შეშით დახმარება, შესაძლებლობის შემთხვევაში, მერია ეხმარება შეჭირვებულ მოქალაქეებს და ეტაპობრივად გადასცემს მათ შეშას. მერია ქალბატონ ოლია მუხაშავრიასაც დაეხმარება. "- გვითხრეს პრესსამსახურში.