თხილის ფასის დინამიკა, გურიაში და მთელ საქართველოში, უპირველესი ინტერესის საგანია ჩვენი მოსახლეობისთვის. მასზეა დამოკიდებული ბევრი ოჯახის ბიუჯეტი, რაც განსაზღვრავს რეგიონში მცხოვრებთა ეკონომიკურ ყოფას.
წლევანდელ სეზონზე, როგორ ყოველთვის, თხილის ფასი ცვალებადი იყო, თუმცა, საწყის ეტაპზე, როცა ახალი თხილის ჩაბარება დაიწყო, კილოგრამი 6 ლარი ღირდა. საშემოდგომო სეზონის შუა ეტაპზე კილოგრამი თხილის ფასმა 8,50 ლარს მიაღწია. თუმცა, შემდეგ ერთბაშად მოხდა ფასის ვარდნა და დღეის მდგომარეობით, გურიაში კილოგრამი თხილის ფასი ასე გამოიყურება: ოზურგეთში ნარევი და მაღალი ხარისხის (ბერძნულა), შესაბამისად 5, 50 და 6, 50 ლარი ღირს; ჩოხატაურში _ 5 და 6 ლარი; ლანჩხუთში _ 5,20 და 6, 50 ლარი.
მოვუსმინოთ ფერმერებს: "უხარისხო თხილის პრობლემა ერთნაირად არსებობს მთელი სეზონის მანძილზე. ახლა ცუდის ჩაბარება დასრულდა, დღეისთვის ძირითადად მაღალი ხარისხის თხილი დარჩა გასაყიდი, რომელიც ხალხს შენახული კი არა, გადანახული აქვს. რატომ დაეცა თხილის ფასი? რა შუაშია "ფურა" და "მეორადი"? რატომ იშველიებენ საბაზრო ეკონომიკის კანონებს, საწყალი კაცის თვალის ასახვევად? თუ უცხოეთში ფასი იზრდება, რატომ ვარდება საქართველოში და იმ დაბალი ფასის გადასახდელადაც მყიდველი კანტი-კუნტად მოდის?" _ გვეკითხებიან ისინი.
აკაკი ღლონტი, წარმატებული ფერმერი: "ყოველ წელს, შემოდგომის მიწურულს ფასი დაბლა იწევს. ბევრი კომპანიაა თხილის გამტანი, რომლებსაც, ძირითადად, ძველი ხელშეკრულებები აქვთ დადებული ევროპულ ბაზრებთან. ფასი ყველგან მერყეობს, მეტ-ნაკლებად. ახლა ამ ხელშეკრულებების ვადები იწურება ან ამოწურულია. ვიდრე ახალი დაიდება, ბაზარიც ნაკლებად აქტიურია. არაა გამორიცხული, მოგებაზე ორიენტირებულიც იყვნენ და მიზანმიმართულად არ შეისყიდონ თხილი. აქ ისევ ფერმერმა უნდა იყოჩაღოს და როგორმე არ გაყიდოს თხილი. ბევრი არც ყიდის, ვისაც ოდნავ მაინც უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს და კონიუნქტურა შეისწავლა. ვიმეორებ, თხილი არ უნდა გაყიდონ, სანამ ფასი არ აიწევს! ვფიქრობ, აუცილებლად აიწევს 20 დეკემბრიდან მაინც. შესაძლოა, ორ თვეში ისევ დავარდეს, ასეთი ცვლილებები მთელ მსოფლიოში ხდება და ზუსტად ვერავინ გათვლის, რა და როგორ მოხდება".
ზურაბ გოლიაძე, ფერმერი: "დარწმუნებული ვარ, რომ თხილის ფასით თამაში, ძირითადად, საქართველოში არსებული თხილის კომპანიების მანიპულირებით ხდება, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან კარგად იყვნენ გარიგებული და ახალთანაც მშვენივრად გამონახეს საერთო ენა. მე ვარ სტაბილური მწარმოებელი, თხილის კულტურის უზარმაზარი პლანტაციები არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმით არსებობს ჩემი ოჯახი და მის გამო, ინტერნეტის მეშვეობით მუდამ ვადევნებ თვალს თხილის ფასის დინამიკას თურქეთის, რუსეთის თუ ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. და რა ხდება? თხილის შესასყიდი ფასი საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია, უფრო მეტიც, ხელოვნურად დაწეული!"
კითხვაზე, თუ ასეთი მდგომარეობაა, სად და რაში ხედავს გამოსავალს, ჩვენი აქტიური რესპონდენტი გვეუბნება, რომ, სამწუხაროდ, სისტემა იმდენად ჩახლართულია, რომ ამ სფეროში, მდგომარეობის დალაგება საკმაოდ რთულია, რადგან ყველაფერი რამდენიმე ადამიანის ხელშია და არც უახლოესი მომავლის იმედი აქვს, რომ ასე მალე გამოსწორდება ეს ყველაფერი.
"გურია ნიუსმა" მოიძია უცხოური პრესის არაერთი ინფორმაცია ქართული თხილის და, ზოგადად, მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის მდგომარეობის შესახებ.
"არის თუ არა ქართული თხილი თურქულის მეტოქე?" _ წერს თურქული პრესა: (ინტერნეტგამოცემა www.61saat.com.) "ბევრი ევროპელი მწარმოებელი ქართულ თხილს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ქართული თხილი თავისი ხარისხით თურქულ თხილს კონკურენციას ვერ გაუწევს და მე არ მჯერა მსგავსი მოსაზრებისა", _ განაცხადა თურქეთის სოფლის მეურნეობის სამრეწველო პალატის მრჩეველთა საბჭოს წევრმა და ორდუს (თურქეთის თხილის მწარმოებელი ერთ-ერთ უმსხვილესი რეგიონი) სამრეწველო პალატის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ არსლან სოიდანმა სპეციალურ განცხადებაში, რომლის შესახებაც აღნიშნული თურქული ინტერნეტგამოცემა წერს.
ამ განცხადებაში სოიდანი იმ ექსპერტებს გამოეხმაურა, რომლებიც ქართულ თხილს, მსოფლიო ბაზარზე, თურქული თხილის სერიოზულ კონკურენტად მიიჩნევენ. თუმცა, მისი აზრით, ასეთი მოსაზრებები თურქი თხილის მწარმოებლების მოტივირებას ასუსტებს.
სოიდანის განცხადებით, თხილის მარაგით და სამრეწველო მასშტაბებით საქართველო ვერ გაუწევს თურქეთს კონკურენციას, გარდა ამისა, ხარისხზე მოქმედებს გადამუშავების პროცესი, რომელიც საქართველოში შედარებით დაბალია. ამავდროულად, ქართულ თხილზე დადებითად აისახა რუსეთის მხრიდან თურქეთისთვის დაწესებული ემბარგოც. 2014 წლის მონაცემებით, თურქეთის აგრარულმა იმპორტმა რუსეთის ბაზარზე ერთი მილიარდ 76 მილიონი დოლარი შეადგინა. სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულს შორის, დიდი ადგილი ეკავა თხილსაც.
რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, გასული წლის სამ კვარტალში, ქვეყანაში თურქეთიდან 23 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი შევიდა. ახლა კი ამ ნიშას, გარკვეული რაოდენობით, ქართული თხილი იკავებს, რაც შესაბამისად მასზე მოთხოვნას და ფასს შედარებით მაღლა სწევს!
ჩვენი კორესპონდენტების ინფორმაციით, უცხოეთის, კონკრეტულად კანადის მასმედიის, (ინტერნეტგამოცემა www.akm.ru) საშუალებები იუწყებიან, უფრო სწორად, პროგნოზირებენ, რომ სასურსათო ინფლაციის გამო, 2016 წელს გარკვეულ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება, მაგალითად, კანადაში ბოსტნეულზე, ხილზე და კაკლეულზე ფასმა იმაზე მეტად აიწია, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ამ დროისთვის, დაახლოებით, 4,1 %-ით გაძვირდა! სასურსათო ინფლაცია დაკავშირებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან, რაც მხოლოდ საქართველოში არ ხდება და მთელი ევროპული ქვეყნები მოიცვა.
ოზურგეთში მოქმედი თხილის მწარმოებელი კომპანია, ქართულ-თურქული "ტურალის"თანამფლობელი ლაშა ჩხარტიშვილი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ჩვენს კითხვებს უპასუხა:
_ თხილის ფასზე არავინ ახდენს გავლენას _ ეს არის გლობალური პრობლემა. გახსოვთ, ალბათ, ამ ზაფხულში თხილის ფასი მაღალი იყო, ეს იყო პიკი. ახლა ხედავთ, თურქეთში არეულობაა. თხილს ზოგჯერ არაქისითაც ანაცვლებენ. ეს ყველაფერი თამაშია და ფასი დაბლა იწევს.
_ ბატონო ლაშა, ქართველი ფერმერები ამბობენ, რომ კომპანიების მფლობელები "თამაშობენ", რომ ქართული თხილის ფასი დაბალი იყოს, მსოფლიოში არსებულ ფასთან შედარებით.
_ არ არის სწორი ეს ინფორმაცია. ძალიანაც რომ გინდოდეს, ასე ვერ ითამაშებ. მაშინ თხილით ვაჭრობის ექსკლუზიური უფლება უნდა გქონდეს.
_ სწორედ ამას ამბობენ, რომ თხილის კომპანიების რამდენიმე მფლობელს წინა და ახალ ხელისუფლებასთანაც ეხერხებათ ექსკლუზიური ურთიერთობა და თხილის ფასზე ზემოქმედება. მსოფლიოში ყველგან მნიშვნელოვნად მაღალია ფასი, ვიდრე საქართველოში.
_ იცით, ის საიტები, საიდანაც თქვენ ინფორმაციას იღებთ, ზოგჯერ შეგნებულად წერენ, რომ თხილის ფასი მაღალია.
_ და, იქნებ, თქვენ რომელ საიტებზეც კითხულობთ, რომ თხილის ფასი ასე მაღალი არ არის, ისინი იტყუებიან?
_ ჩვენი გლეხი აბარებს სველ თხილს, თურქი მოქალაქე კი _ ხარისხიანს. ახლა თურქეთში თხილის ფასი ათ ლარს უტოლდება და იქ გლეხი რომ ჩააბარებს თხილს, 100 კილოგრამიდან 50 კილოგრამი ნაღდი გამოდის. აქ უხარისხო, სველ თხილს აბარებენ.