საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარის დავით ჩხეიძის შეფასებით, საქართველომ წარმატებით გაართვა თავი ევროკავშირის მიერ წაყენებულ ყველა მოთხოვნას და დამსახურებულად მიიღო ვიზალიბერალიზაცია. მისი განმარტებით, ეს მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება ქვეყნისთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის.
"ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა (რაც გულისხმობს რომ ჩვენი ქვეყანა აკმაყოფილებს ევროპულ მოთხოვნებს ოთხი მიმართულებით: 1. საბუთების უსაფრთხოება, მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების არსებობა;
2. საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფარით უზრუნველყოფა;
3.საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთოება (ორგანიზებული დანაშაული, ტრეფიკინგი, კორუფციასთან ბრძოლა, ფულის გათეთრება და ფინანსური ტერორიზმი, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება);
4. საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები (საქართველოში გადაადგილების თავისუფლება, სამგზავრო დოკუმენტაციის განხილვის ხარისხი და სიჩქარე, უმცირესობების უფლებების დაცვა) და ამიტომ ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში შეიტანს ცვლილებებს საკუთარ რეგულაციებში საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
ერთი შეხედვით, როგორც ყველა ევროპული გადაწყვეტილება საკმაოდ "ბიოუროკრატიულად" გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში საქართველო უკვე მთელ რიგ საკითხებში აკმაყოფილებს ევროპულ დონეს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა თავისუფლად შევიდეს და გადაადგილდეს ევროპულ სივრცეში. ამით საქართველოს მოქალაქე უკვე დაუბრუნდა ევროპულ სივრცეს, რაც არის უდიდესი წარმატება და უდიდესი კულტურული და საზოგადოებრივი მოვლენა ქართველისთვის! რიგითი ქართველი უბრუნდება ევროპულ ცივილიზაციას!
გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს!"


































































