ხონის რაიონის ყოფილ გამგებელი, ზურაბ ჯიბუხაია, რომელსაც პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავებოდა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნო.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 10 თებერვალს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე დააკავა.
პროკურატურის იფორმაციით, 2010 წლის იანვარში, ხონის მუნიციპალიტეტის სატყეო უბანში, ხე – ტყის უკანონოდ ჭრისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ნიკოლოზ კირთაძე, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის სატყეო უბნის რეინჯერი – მერაბ ლიპარიძე. მათვე დაეკისრათ გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილი იყო, რომ ლევან ბობოხიძემ, მისი ახლობლის ნიკოლოზ კირთაძისთვის მატერიალური სარგებლის მისაღებად, დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტებით სამასალე და საშეშე მერქნის გაფლანგვას. კერძოდ, 2010 წელს ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძემ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების თანახმად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთძეს. ამ უკანასკნელმა კი მიღებული მერქანი ცალკეული მოქალაქეების სახელზე შედგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩააბარა ხის გადამამუშავებელ საამქროებს, რომელთა ხელმძღვანელებმა ლევან ბობოხიძის დავალებით, მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს. პროკურატურის მტკიცებით,ზურაბ ჯიბუხაიასა და ბესარიონ ჭელიძის ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული 12 580,69 ლარის ღირებულების ქონება.
2014 წლის 11 ნოემბერს კი, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯიბუხაია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო.
თუმცა, მას შემდეგ ზურაბ ჯიბუხაიას რამდენიმე სასამართლო პროცესი აქვს მოგებული, მათ შორის, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გუშინ მიიღო და ის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნო. უზენაესმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ ჯიბუხაიას მიერ ჩადენილი ქმედება არ აკმაყოფილებდა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას არცერთ მუხლში. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, მას 4 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მაგრამ ადვოკატის ინფორმაციით, ჯიბუხაიას ამ ჯარიმის გადახდაც არ მოუწევს.
"რადგან ჯიბუხაიამ 18 თვე უკანონო პატიმრობაში გაატარა, მას დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ მოუწევს. რატომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გახდება ცნობილი", _ ამბობს ჯიბუხაიას ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
როგორც "გურია ნიუსს" საქართველოს უზენაეს სასამართლოში განუცხადეს, ჯიბუხაია, დანიშნული სასჯელის მოხდისგან მთლიანად გათავისუფლებულია.
"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ,ზურაბ ჯიბუხაია ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 25,341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ზურაბ ჯიბუხაიას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ამოერიცხოს, როგორც ზედმეტად წარდგენილი და მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ზურაბ ჯიბუხაია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. იგი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მთლიანად", _ აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
რომ "გურია ნიუსთან" საუბრისას ზურაბ ჯიბუხაიას ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, წარდგენილი მუხლებიდან ყველაზე მძიმე იყო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა, რომელიც სასჯელის სახით 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ზურაბ ჯიბუხაია გაამართლეს 332-ე და 341-ე მუხლებში, ხოლო 182-ე მუხლში (გაფლანგვა) ის ნაწილობრივ სცნეს დამნაშავედ.ზურაბ ჯიბუხაიამ, მიუხედავად იმისა, რომ მას პროკურატურა ბრალის აღიარების შემთხვევაში სთავაზობდა საპროცესო შეთანხმებას, გადაწყვიტა რომ ბოლომდე ებრძოლა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, მიუხედავად მისი საკმაოდ შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ზუსტად 18 თვე გაატარა პატიმრობაში, თან იმ ფონზე, რომ მას ოჯახში ჰყავს მარტოხელა უმძიმესი ავადმყოფობით დაავადებული ასაკოვანი დედა.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ ზურაბ ჯიბუხაია უდანაშაულოდ სცნო სამივე წარდგენილ ბრალდებაში. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზურაბ ჯიბუხაიას არ გაუფლანგავს სახელმწიფოს ქონება და ქვემო ინსტანციების მიერ გამოტანილი განაჩენი არ იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე უცვლელად დატოვა პირველი და მეორე ინსტანციების მიერ გამოტანილი განაჩენი გამამართლებელ ნაწილში და ჩათვალა, რომ ზურაბ ჯიბუხაიას არ ჩაუდენია არანაირი ისეთი კანონდარღვევა, რომ მას დაემსახურებინა თავისუფლების აღკვეთა", _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბრისას ჯიბუხაიას ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
ადვოკატი აბობობს, რომ საქმეში არ არსებობდა არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი იმისათვის, რომ ზურაბ ჯიბუხაია წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი.
"უზენაესმა სასამართლომ კვალიფიციურად და ობიექტურად შეისწავლა აღნიშნული საქმე. შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ზურაბ ჯიბუხაიას წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულობასთან დაკავშირებით", _ ამბობს კაკაბაძე.
ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ჯიბუხაია 18-თვიანი უკანონო პატიმრობისთვის კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს.

































































