ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის ცენტრში მდებარე ორსართულიანი საერთო საცხოვრებლის მობინადრეებმა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ _ მათი საცხოვრებელის უკანა ფასადი ჩამოინგრა. უბედური შემთხვევა ღამის ოთხ საათზე მოხდა.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონისა, აქ მცხოვრებთა ყოფა მხოლოდ ფილმებში ნანახს ჰგავს _ ზემოდან ჭერი ენგრევათ და დაბლა იატაკი ეშლებათ.
"ძალიან გთხოვთ, მიიტანეთ ჩვენი გასაჭირი ხელისუფლებამდე. გააგებინეთ, რა დღეში ვართ. ინგრევა ბინა, სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. ამდენი წლის განმავლობაში არავინაა ჩვენი პატრონი. გვაწვიმს თავზე, ბავშვები საშინელ დღეში არიან! სისხლი ხომ აქვთ, დაგვეხმარნონ! ყოველდღე შიშით ვცხოვრობთ _ სახლი მთლად არ ჩამოგვენგრეს თავზე და შიგნით არ დავიხოცოთ. მერე რას იზამს ხელისუფლება?" _ ამბობს მოსახლეობა.
ზურაბ ხარაბაძე: "ღმერთს მადლობა, რომ გადავრჩით და არ მოჰყვა არავინ ამ ნანგრევებში. წამობრძანდით, ნახეთ და მერე თქვენ თვითონ მიხვდებით რა მდგომარეობაცაა. აქ ცხოვრება თუ შეიძლება? უკანა მხარე მთლიანად ჩამონგრეულია. სად უნდა ვიცხოვროთ?"
გული რამიშვილი: "ღამის ოთხ საათზე ჩამოინგრა _ გვეძინა. საშინელი სიცივე და წვიმიანი ამინდი იყო. ხელი მომყვა ნანგრევებში და მოვიტეხე, ბეწვზე გადავრჩით. სამი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს _ გარეთ გავიყვანეთ და ღამე გარეთ გავათიეთ. დახმარება არავის შემოუთავაზებია. განცხადება დამაწერინეს მხოლოდ.
ყველა ოთახი ავარიულ მდგომარეობაშია, აქ აღარ იცხოვრება, საშიშია. ჩემი შვილი ტუბერკულოზითაა ავად. სამი შვილი ჰყავს _ ერთი 4 თვისაა, მეორე _ წლინახევრის და მესამე _ 4 წლის. ჩვენ თვითონ ვასუფთავებთ ეზოს. ერთი თვის წინ იატაკი ჩავარდა და მეზობელმა ფეხი მოიტეხა. რა გვეშველება, არ ვიცით. სანამ საშინელება არ მოხდება და ნანგრევებში ვინმე არ დაიღუპება, მანამ ყურადღებას არ მოგვაქცევენ? სოციალური დახმარება არ გვაქვს, ჯერ საპენსიო ასაკშიც არ ვარ. რომ ამოვიდნენ გამგეობიდან, აქეთ გაგვლანძღეს. გვითხრეს, დაგიჭერთ, ეს ნაგებობა უკანონოდ გქონდათ მიშენებული, ამ დამპალ ბინაში ჩვენ რით უნდა დაგეხმაროთ, ამას არ შველის არაფერი და ახალს ვერ აგიშენებთო. სად წავიდეს ამდენი ადამიანი?! განცხადება დაწერილი გვაქვს, მაგრამ არანაირი კომისია არ მოსულა შესამოწმებლად".
მაყვალა ბოლქვაძე: "ამ ორ ბინაში, გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ პატარა ბავშვები. ეზო არ გვაქვს. ქირაზე ვმუშაობთ და ეგაა მთელი ჩვენი შემოსავალი".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთია: "დაბა ნასაკირალში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურმა შეისწავლა. კონკრეტულ შემთხვევაში, მიშენებული აივანი, შენობის სიძველის გამო, აღდგენას არ ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ ჩამოინგრა მხოლოდ აივანი და არა შენობის კედელი, რაც ბინაში მცხოვრებთათვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები _ ბადრი გობრონიძე და არჩილ ყაზაიშვილი ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობას მიაწოდეს შესაბამისი განმარტება მუნიციპალიტეტის მიერ გასახორციელებელი პროექტების შესახებ, რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 50-60-იან წლებში აშენებული 200-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია, რომელთა უმეტესობაც ავარიულ მდგომარეობაშია. მუნიციპალიტეტში პერმანენტულად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების აღდგენა-რეაბილიტაცია. ამ დროისათვის გადაიხურა 40-მდე საცხოვრებელი კორპუსი. დაბა ნასაკირალში მუნიციპალიტეტს 2016 წლისთვის განსაზღვრული აქვს რამდენიმე მრავალბინიანი სახლის რეაბილიტაცია. 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შესაბამისი ასიგნება და მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამას, რომლის ამოქმედების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ ბინათმესაკუთრეს საშუალება ექნება, განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგეობას სხვადასხვა პროექტის გახორციელების მიზნით".





































































