ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებული არ დასწრებია.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 04 აპრილს, ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქეს, რომელიც გადაადგილდებოდა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით. შეჩერების მოწოდებისთანავე, ზემოაღნიშნულმა მოქალაქემ გახსნა ცეცხლი მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით მოთავსებული იქნა N1 კლინიკურ საავადმყოფოში.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ვ" ქვეპუნქტებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა პოლიციელებზე თავდამსხმელი პირის ვინაობა. იგი 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.
































































