საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამი წლის ანგარიშის წარდგენის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრები ფერმერის, გივი ნინიძის პროექტი საუკეთესოდ დაასახელა.
"მე მინდა წარმატების ერთი ისტორია გაგაცნოთ. დღეს ჩვენთან არის გივი ნინიძე გურიის რეგიონიდან, სოფელ ვაკიჯვრიდან. 2013 წელს მან შეღავათიანი სესხი აიღო და შექმნა საწარმო.
ბატონი გივის მაგალითი არის დიდი იმედის მომცემი, მან გადაწყვიტა აეღორძინებინა ოჯახური ტრადიცია – მეფუტკრეობა. მან სახელმწიფოს დახმარებით 30 000 დოლარის ინვესტიცია აიღო და დაიწყო ეს ბიზნესი.
ბატონო გივის ეს მაგალითი არის ძალიან წარმატებული და სტიმულის მიმცემი სხვებისთვის."
გივი ნინიძე წარმოშობით გურიიდან, სოფელ ვაკიჯრიდანაა. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი . მან არ მიატოვა მშობლიური გურია და ადგილობრივ საავამყოფოში ექიმის კეთილშობილურ საქმეს ერთგულად ემსახურება.
პატარაობიდანვე ყოველთვის უნდოდა თაფლი ეწარმოებინა და ხელსაყრელ დროს და მომენტს ელოდა.
მისი თქმით, მეფუტკრეობა კეთილშობილური საქმეა, ამ საქმეში მთავარია ფუტკარს ხელი შეუწყო, შემდეგ კი ის საკუთარი შრომით ქმნის დოვლათს. ასევეა მცირემეწარმეობაც, დახმარება აუცილებელია, სახელმწიფომ დახმარება გაუწია და ახლა ის მზადაა ქართული უნიკალური თვისებების მქონე თაფლი ევროპულ ბაზარზე გაიტანოს.
უყვარს თავისი მხარე და აღნიშნავს, რომ გურია საქართველოს პირველი რეგიონია სადაც ფუტკრის დედების ხელოვნური განაყოფიერების სადგური არსებობს.
ახალი წლის შემდეგ გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კიდევ ერთ "გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში" მიიღოს მონაწილეობა და თაფლის ჩამოსახმელი / დამფასოებელი საწარმო გახსნას.































































