საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის (USAID) საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის მიხედვით USAID გააგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას.
"USAID-ის მხარდაჭერით ქვეყანაში ხორციელდება რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს მმართველობის სტრუქტურების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტურობის ამაღლებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ასევე ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებას საგადასახადო, საბაჟო, ელექტროენერგიით ვაჭრობის პოლიტიკის და წყლის რესურსების მართვის სფეროებში და სხვა", – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
დღეს გაფორმდა საგრანტო შეთანხმებები შემდეგი პროექტების განხორციელების მიზნით: დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა"; ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა".
საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა.
"დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა" – საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ USAID-ის მეშვეობით საქართველოსათვის პირველ ეტაპზე გრანტის სახით გამოყოფილი იქნება დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები შემდეგი მიმართულებით: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება.
"ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა."
საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გრანტის სახით პირველ ეტაპზე გამოიყოფა დაახლოებით 13.1 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები შემდეგი მიმართულებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, გარემოს დაცვა.
პროექტების განხორციელება 2016-2020 წლამდე პერიოდს მოიცავს.

































































