ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერი-მინისტრის პოსტი ისე დატოვა, რომ არ უთქვამს სად მიდის და რატომ მიდის. თქვა მხოლოდ ის, რომ თანამდებობა მარადიული არ არის და ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. რამ განაპირობა ღარიბაშვილის ეს არჩევანი აწ უკვე ყოფილ პრემიერს არ დაუკონკრეტებია. მას არც მისი შემცვლელი დაუსახელებია.
თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი ჯერ საბოლოოდ არ გარკვეულა. ჩვენი ინფორმაციით, დიდი ალბათობით ეს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. წყაროს მტკიცებით, კვირიკაშვილის გვარი ღარიბაშვილმა შეგნებულად არ დაასახელა _ გიორგი კვირიკაშვილს დედა გარდაეცვალა და დაკრძალვა დღესა.
ამის გამო, როგორც წყარო ამბობს, ღარიბაშვილის გადადგომა პარასკევს უნდა გახმაურებულიყო, თუმცა მოვლენები მას შემდეგ დაჩქარდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი მოსამართლე ლევან მურუსიძეს ლობირებდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, დილით, „გურია ნიუსმა" ამავე წყაროზე დაყრდნობით, ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრემიერის გადადგომა, ბიძინა ივანიშვილთან 23 დეკემბერს, გვიან ღამით შეთანხმდა. წყაროს ინფორმაცია დადასტურდა და დიდი ალბათობით პრემიერის პოსტზე კვირიკაშვილსაც დაასახელებენ, თუმცა ამ სამთავრობო კულუარებში დავით სერგეენკოს და დიმიტრი ქუმსიშვილიც გვარებმაც გაიჟღერა.
ჯერჯერობით დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პრემიერთან ერთად უფლებამოსილება სხვა მინისტრებსაც შეეწყდათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი წყარო რამდენიმე მინისტრის გათავისუფლებასაც აანონსებს _ მათ შორის თამარ სანიკიძის, ნოდარ ხადურის და თეა წულუკიანის. გვითხრეს ისიც, რომ მინისტრებთან ერთად თანამდებობების დატოვება მხარის გუბერნატორებსაც მოუწევთ.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თუ ახალი პრემიერი გადაწყვეტს, მზადაა თანამდებობაზე დარჩეს:
_ პრემიერის გადადგომა ნამდვილად არ არის ჩემი შესაფასებელი. რაც შეეხება გეგმებს ვაგრძელებ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. ჩემი დარჩენა _ არდარჩენის საკითხს კი ახალი პრემიერი გადაწყვეტს, _ გვითხრა სალუქვაძემ.
_ ბატონო გია, თქვენ იყავით ირაკლი ღარიბაშვილის წარმომადგენელი. ახალ პრემიერთან მუშაობა გეგმებში გაქვთ?
_ ყველა გუბერნატორი არის პრემიერ მინისტრის წარმომადგენელი რეგიონში.
_ კითხვაზე არ გვპასუხობთ. ახალ პრემიერთან ერთად მუშაობა შედის თქვენს გეგმებში?
_ თუ ახალი პრემიერი ჩათვლის საჭიროდ მზად ვარ ვემსახურო ჩემს ხალხს, _ ამბობს სალუქვაძე.



































































