"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, თამარ ნადირიძე მის ანგარიშზე დარიცხულ პრემიაზე უარს ამბობს.
"2015 წლის 23 დეკემბერს სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ შევიტყვე, რომ ჩემს ანგარიშზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 22.12.2015 წლის #171 ბრძანების საფუძველზე დამერიცხა პრემია 1200 ლარის ოდენობით, როგორც საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს.
ზემოხსენებული ბრძანების ტექსტის მიხედვით – საკრებულოს აპარატის თანამდებობრივ პირებს დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის მიეცეთ პრემია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით."- ამბობს ნადირიძე.
მისივე ინფორმაციით, როგორც გაირკვა, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თანამშრომლებზე სულ გაიცა 24950 ლარის ოდენობით პრემია.
" ჩემი ინფორმაციით ქალაქის მერიამ საახალწლოდ გასცა 54 310 ლარი. შესაბამისად საახალწლოდ საკრებულოსა და მერიის აპარატმა პრემიის სახით მიიღო 79260 ლარი.
მიმაჩნია, რომ ქალაქ ოზურგეთის საბიუჯეტო სახსრები პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს ჩვენი ქალაქის მცხოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, ამიტომ უარს ვამბობ პრემიის სახით დარიცხულ თანხაზე და უკან ვუბრუნებ ოზურგეთის ბიუჯეტს, რის თაობაზეც უკვე განცხადებით მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს. ასევე მოვუწოდებ სხვა თანამშრომლებსაც დაუბრუნონ ქალაქის ბიუჯეტს პრემიის სახით მიღებული თანხა.
ქალაქის საკრებულოს ვთხოვ, ჩემს მიერ დაბრუნებული თანხით დაეხმარონ სოციალურად შეჭირვებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.
ასევე წინადადებით მივმართავ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს და მერიას მანამ სანამ პრემიის სახით თანხას ჩაურიცხავდნენ აპარატის თანამშრომლებს მანამდე მიიღონ მათი თანხმობა პრემიის მიღებაზე." – ამბობს ნადირიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკრებულოს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.



































































