ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რომლებმაც დღეს მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას, უნდა გაინაწილონ პასუხისმგებლობა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებაზე.
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს მურუსიძის არჩევის შემდეგ განუცხადა.
"საბჭოში ჩვენ გვყავს არა ერთი, არამედ, ათი ლევან მურუსიძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რომლებმაც დღეს მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას, უნდა გაინაწილონ პასუხისმგებლობა სანდრო გირგვლიანის და ყველა იმ დანარჩენი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც ლევან მურუსიძეს აქვს მიღებული და რომელსაც მიიღებს საქართველოს სახელით. ამაზე საბჭოს 10-ვე წევრი გაიზიარებს პასუხისმგებლობას", _ განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძის კანდიდატურას საბჭოს 11 წევრიდან 10-მა მხარი დაუჭირა.
ნაცვლიშვილის განმარტებით, ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.