საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიდან ლევან მურუსიძის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ მხარი არ დაუჭირა.
ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს იმ წევრების შესახებ, რომლებმაც ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას მხარი არ დაუჭირეს.
მსიი თქმით, იუსტიციის საბჭოს 14 წევრიდან ერთი -გოჩა მამულაშვილი, ავადმყოფობის გამო კენჭისყრას ვერ დაესწრო. ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც პრეზიდენტის მიერ დასახელებული წევრია საბჭოში, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ლევან მურუსიძეს ხმა არ მიუცია საკუთარი თავისთვის, ხოლო ნინო გვენეტაძემ მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
შესაბამისად, მურუსიძეს ხმა მისცეს თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ, ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ლევან თევზაძემ.
"იუსტიციის საბჭოში ჩვენ გვყავს 10 ლევან მურუსიძე და ეს ათივე ადამიანი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას გირგვლიანის და ყველა იმ დანარჩენი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც მიღებული აქვს ლევან მურუსიძეს და რომელსაც მიიღებს საქართველოს სახელით. ამ გადაწყვეტილებებზე საბჭოს ათივე წევრი გაიზიარებს პასუხისმგებლობას", _ აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.
უვადოდ დანიშვნამდე მურუსიძე 3-წლიან გამოსაცდელ ვადას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში გაატარებს.