საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, კახა კოჟორიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას ეხმაურება.
"სტრასბურგის სასამართლომ მოუძებნა შესაბამისი ტერმინი ბატონი მურუსიძის სამართალს და მას გამაოგნებელი უწოდა. მაგრამ მე არ ვიცი რა ჰქვია იმ ფენომენს, რომ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდე, მოხვიდე ამ ლოზუნგით და თანამდებობებზე აღადგინო ის ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოებისთვის უსამართლობის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ… მთელ ამ ამბავში ყველაზე დიდი პრობლემა კი არის არა ბატონი მურუსიძე, ან რომელიმე სხვა ერთი კონკრეტული პირი, არამედ ის გარემოება, რომ მისი დანიშვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა მოქმედ და ყველა მომავალ მოსამართლეს უკეთებს პირდაპირ გზავნილს, რომ თუ თქვენ, მოსამართლეები, ხელს მოაწერთ გირგვლიანის მსგავს უმძიმეს საქმეებს, ჩვენ, საბჭოს წევრები, ხელს მოვაწერთ თქვენს უვადოდ დანიშვნას. ეს არის საქართველოში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის იდეის საწინააღმდეგო, ძალიან საშიში მესიჯი", _ წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დღეს აირჩიეს. მურუსიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.
მოსამართლეთა არჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმაურისა და აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
მურუსიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით გასულმა წევრებმა ვახტანგ თოდრიამ, ევა გოცირიძემ და კახა სოფრომაძემ.