“გურიის რეგიონში არსებული მძიმე საგადასახადო წნეხი და ბიზნესგარემო, სწორედაც რომ არის პასუხი იმაზე, რატომ ვერ მოხვდა საქართველო “ბლუმბერგის ” მიერ გამოქვეყნებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს მქონე ქვეყნების ჩამონათვალში “, _ ეს განცხადება “ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ” გააკეთა.
კალანდაძე, ბრიფინგის დაწყებამდე მცირე და წვრილ მეწარმეებს შეხვდა და მათ პარტიის პროგრამა “ახალი მემარჯვენეები მცირე ბიზნესისათვის ” და პარტიის ძირითადი ეკონომიკური პრიორიტეტები გააცნო. მეწარმეებთან შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს გურიის მხარეში დღეს არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე.
მთავარი პრობლემა, რაც რეგიონის წვრილ და მცირე მეწარმეებს აწუხებთ, არის მძიმე საგადასახადო წნეხი, რაც ზედმეტად მკაცრ საგადასახადო ადმინისტრირებასა და დასჯის დრაკონული მეთოდების გამოყენებაში გამოიხატება. მცირე მეწარმეები ხშირად ჩივიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ გურიის რეგიონში სალარო აპარატი და ე.წ. “ჩეკი” კვლავ მთავარ სადამსჯელო ინსტრუმენტს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოების ხელში: “სანამ საგადასახადო დევნა და მცირე მეწარმეების დატერორება არ დასრულდება, ბიზნესის განვითარებასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე მთავრობის მხრიდან საუბარი, ყოველთვის უადგილო იქნება, _ თქვა კალანდაძემ.