საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მის მოადგილეს, მიხეილ ჯანელიძეს წარადგენს.
_ "ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამომიცხადა ნდობა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა განვაცხადო, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ.
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი, წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას", _ აღნიშნულია გიორგი კვირიკაშილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში პრემიერობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ "უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება"
_ "პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს.
არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება", _ აცხადებს კვირიკაშილი.