თბილისის მერია მომავალი წლიდან მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას აპირებს ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის. 2016 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსებაა გათვალისწინებული.
განხორციელდება 3 ახალი პროგრამა ჯანდაცვის მიმართულებით – 3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს; 250 000 ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 000 ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს. ასევე, გაგრძელდება 2015 წელს დაწყებული მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაც.
2016 წლის ბიუჯეტის თანახმად, გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3 მლნ. 400 ათასი ლარი შეადგინა.
ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ განათლება და 2016 წლის ბიუჯეტში განათლების ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 95,1 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (92 მლნ. 633 ათასი) 2 მლნ. 500 ათასი ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა გაიზარდა 106 800 ლარით, პროგრამას დაემატება ქალაქ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებში იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა უფასო სწავლება.