ლეიბორისტული პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო მეტრეველმა "გურია ნიუსს" წერილი მოწერა, რომელშიც საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.
"უბრალოდ სამარცხვინო საქციელია იმ ქალბატონიგან, ვისაც რაიონში ქალთა უფლებების დაცვა ევალება"_ ასე გამოეპასუხა ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო მეტრეველი 28 დეკემბერს, ქ. ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს, როცა საკრებულოს წევრს, ლეიბორისტული პარტიიდან ნათია შარაშენიძეს, განსხვავებული აზრის, გამო ჯერ ქალაქის მერმა საკრებულოს ბიუროზე ე.წ. სანიშნეები ესროლა, ხოლო მერე ეთიკის კომისიის თავმჯომარე ირინე საჯაია, ნათია შარაშენიძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა, "ფეისბუქში" გამოქვეყნებული კარიკატურის გამო.
"როცა პოლიტიკაში მიდიხარ, უნდა ისწავლო განსხვავებული აზრის მოსმენა. უნდა იცოდე, რომ გაგაკრიტიკებენ და შენზე კარიკატურებსაც დახატავენ. ბატონი ბეგლარ სიორიძე პირდაპირ ბიზნესიდან მოვიდა მერის თანდებობაზე და როგორც ჩანს, გაუჭირდა და ჯერ კიდევ ვერ ისწავლა განსხვავებული აზრის და კრიტიკის მოსმენა. ამ ყველაფერზე მისი პასუხი მხოლოდ შეურაცყოფაა და ეს შარაშენიძეზე არაერთხელ განხორციელდა, მაგრამ ქალბატონი ირინე კარგა ხანს იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდების შესახებ მისთვის ცნობილი უნდა იყოს.
ქალბატონი ირინე საჯაია საკრებულოში იურიდული და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეა და მისი მხრიდან ეთიკის ნორმების ასე მძიმედ დარღვევა უფრო მეტადაა სამწუხარო. ამის გარდა, როგორც ვიცი, ის ოზურგეთის საკრებულოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრია. მან თავად უნდა დაიცვას ქალების უფლებები და ამ დროს, კოლეგა ქალბატონს, რომელიც ამავე დროს ლეიბორისტული პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელია, "წიხლქვეშ გაგდებით" ემუქრება. ვფიქრობ, ეს ფაქტი ამ ორგანიზაციის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. "- ნათქვამია ნინო მეტრეველის წერილში.