2015 წელს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ასზე მეტი კონტრაქტი და შეთანხმება დადო, რომელთა ღირებულებაც 5 მილიარდ გრივნას (დაახლოებით – 210 მილიონი დოლარი) აღემატება. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის უწყების პრეს-მდივანმა აქსანა გავრილიუკმა ბრიფინგზე გააკეთა.
„ამან საშუალება მოგვცა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 3756 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, გარდა ამისა თითქმის 402,5 ათასი რაკეტის და საბრძოლო მასალის შესყიდვა მომხდარიყო“ – განაცხადა გავრილიუკმა.
შენაძენთა შორისაა ჯავშანტრანსპორტიორი „БТР-4Е“, 30 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 610 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, სხვადასხვა მოდიფიკაციის „კრაზები“ და სხვადასხვა დანიშნულების შეჯავშნული ავტომობილები.
შეგახსენებთ, დეკემბრის დასაწყისში, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ, 2016 წლის თავდაცვის ბიუჯეტი – 113 მილიარდი გრივნის მოცულობით (დაახლოებით – 4,746 მილიარდი დოლარი) დაამტკიცა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved