ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 13 დეპუტატი ესწრებოდა წლის მთავარი დოკუმენტის დამტკიცება მოხდა. 2016 წლის ბიუჯეტს მხარი 9 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 4 დეპუტატი კი წინააღმდეგი წავიდა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, მარიკა ნაცვალაძის ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტი 9 186 200 ლარით განისაზღვრა. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტი 2 000 000 ლარით გაიზარდა.
საკრებულოს დეპუტატმა, გოჩა ძიმისტარიშვილმა სხდომაზე რამდენიმე საკითხს შეეხო. კონკრეტულად ის დაინტერესდა იციან თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რაში დაიხარჯა ეკლესიისთვის ჩარიცხული თანხა. ასევე მისივე თქმით, ოზურგეთის თეატრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.
"როგორც მოვისმინე, 350 000 ლარი არის გამოყოფილი კულტურისთვის და ყველაფერი გასაგებია. წინ არჩევნები არის და აქედან გამომდინარე, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ის კეთდება ახლაც. ასევე არ მიმაჩნია მართებულად, როდესაც ფოლკლორის ცენტრის დაფინანსება ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით ხდება. სამწუხაროა, რომ ეს ასე ხდება."- თქვა ძიმისტარიშვილმა.
მისივე კოლეგამ ნინო გოგუაძემ მცირე რეპლიკის სახით თქვა: "გავიგეთ კულტურა არ გიყვართ. უკულტურო ადამიანები ივლიან დაგებულ გზებზე." – თქვა გოგუაძემ.
მარიკა ნაცვალაძემ გოჩა ძიმისტარიშვილს უპასუხა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია აჩვენოს ის დოკუმენტები დეპუტატს, თუ რაში იხარჯება ბიუჯეტით გამოყოფილი ფული.
"რა თქმა უნდა, ყველა დოკუმენტი გვაქვს თუ რა საქმიანობისთვის მიიღო თანხა ეკლესიამ. ახლა არ მაქვს აქ წამოღებული ეს დოკუმენტები, რადგან არ ვიცოდი თუ ამით დაინტერესდებოდით. რაც შეეხება თეატრს და ფოლკლორის ცენტრს, აქაც გაწერილია თითოეული თეთრი რაში დაიხარჯება. " – თქვა ნაცვალაძემ.