ჩოხატაურში დიდთოვლობაა. მაღალმთან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღემატება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით გზების გაწმენდა ამ წუთებში მიმდინარეობს:
_ სურების და ზოტის მიმართულებით უკვე მუშაობს ტექნიკა და რამდენიმე საათში გზა სრულად იქნება გაწმენდილი. რაც შეეხება ცენტრალურ გზებს, პრობლემა არსად არ შექმნილა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.
თოვლმა არა, თუმცა პრობლემები შექმნა "ენერგო პრო ჯორჯიამ" _ ახალი წლის წინა დღეს მთელი ჩოხატაური ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. კომპანიაში არ იციან როდის ჩაირთვება შუქი:
_ ავარიული გამორთვაა და ვერ გეტყვით დაზუსტებით როდის მოვა, _ გვითხრა კომპანიის ჩოხატაურის ოფისის მენეჯერმა ვანო ჭარბაძემ.
მისივე თქმით სურებსა და ზოტში ელექტროენერგიის გათიშვა ბოძების წაქცევამ განაპირობა:
_ რაც შეეხება სურებს და ზოტს, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები დაწყდა, რადგან ბოძები წაიქცა. ტექნიკოსები ამ წუთებში მუშაობენ და ვეცდებით საღამომდე მოხერხდეს პრობლემის მოგვარება, _ ამბობს ჭარბაძე.