ამ დროისთვის, მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, უხვად მოსულმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები და ტრანსფორმატორები დააზიანა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, გუშინ, საღამოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდა 19 დამხმარე ჯგუფი.
_მინდა ადგილობრივი ხელისუფლების სახელით ბოდიში მოვუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას,იმის გამო, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების და უხვად მოსული ნალექის გამო, ახალ წელს პრობლემა შეექმნათ ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ.
თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშორმლები და ასევე ადგილზე ჩამოსული დამხმარე ჯგუფები, 24 საათის განმავლობაში შეუწყვეტლად მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. დაზიანებული იყო 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის სადენი, რომელიც საღამოს 7 საათამდე შეკეთდება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგება, _ აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა საავტომობილო გზებზეც, თუმცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. მობილიზებული იყო მუნიციპალური ტექნიკა და გადაადგილების პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას ამ ეტაპზე არ აქვს.