რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭანჭათში, დაახლოებით, ოთხ ჰექტარ მიწის ფართობზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რამდენიმე ადგილას ნაპრალი გაჩნდა, ექვსი ოჯახი კი ოჯახი კი მეწყერსაშიშ ზონაში აღმოჩნდა.
მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით, ჭანჭათში იმყოფებოდნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები. მათ მეწყერსაშიში ზონის ადგილი მოინახულეს და ვითარებას პირადად გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, გეოლოგები ადგილზე აწარმოებენ კვლევებს, იღებენ კოორდინატებს და საბოლოო დასკვნას უახლოეს დღეებში დადებენ. თუმცა, მანამდე აღნიშნული ოჯახების ბედზე ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს, კერძოდ, გამგეობის სოციალური სამსახური მათ ქირავნობის პროგრამაში ჩასვამს (სურვილის შესაბამისად):
"მონაცემები გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს მიეწოდება და საბოლოო დასკვნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოიგზავნება. ამ ეტაპზე სამ ოჯახს ესაჭიროება განსახლება; ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად; უახლოეს დღეებში გამოიყოფა სამი სახლი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად.
გეოლოგების ჩამოსვლამდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც მოსახლეობას შესთავაზეს ოჯახების დატოვება და ქირავნობის პროგრამაში ჩართვა. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც შეადგინეს გაფრთხილების ოქმი, რათა მოსახლეობას საშიში ზონა დროულად დაეტოვებინათ. საშიშ ზონაში იმყოფებიან: ოთარ და შოთა ვადაჭკორიების, გაბრიელ წულაძისა და ლევან აბაშიძის ოჯახები", _ თქვა სულაბერიძემ.